მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მირქმა

მირქმატროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.კონდაკი: საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.პტოლემეოს ფილადელფოსმა, რომელიც ქრისტეს შობამდე 287-247 წლებში განაგებდა ეგვიპტეს, ალექსანდრიაში ცნობილი ბიბლიოთეკა დააარსა. ერთხელ მან შეიტყო, რომ მის მიერ დამორჩილებულ იუდეველებს სიბრძნითა და სიწმინდით სავსე მრავალი საღმრთო წიგნი ჰქონდათ და გადაწყვიტა, ბერძნულად ეთარგმნა ისინი. ამით თავის სახელგანთქმულ წინგსაცავსაც გაამდიდრებდა და ალექსანდრიაში მცხოვრებ იუდეველთა კეთილგანწყობასაც დაიმსახურებდა - იმხანად ეგვიპტეში გადახვეწილ ებრაელებს თითქმის დავიწყებოდათ მშობლიური ენა.პტოლემეოსმა იერუსალიმში ელჩობა წარგზავნა და მღვდელმთავარ ელეაზართან დიდი ძღვენი და წერილი გაატანა. სთხოვდა, გაეგზავნა მისთვის საღმრთო წიგნები და სჯულის მეცნიერნი, რომლებიც მათ ბერძნულ ენაზე თარგმნას შეძლებდნენ.ელეაზარმა ისრაელის 12 ტომიდან ამოირჩია ექვს-ექვსი მოხუცებული, რომელთაც ზედმიწევნით იცოდნენ ბერძნული ენა, ჩააბარა მათ წმიდა წიგნები და პტოლემეოსთან გაგზავნა.